საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2010-07-22 12:50:00


სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესამე არხის შპს “ქეი 1“-სთვის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ქართულ პრესაში სამწუხაროდ ვრცელდება დეზინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გარკვეული პროცედურებისა და საკანონმდებლო აქტების პირობათა დარღვევის შესახებ.

გამომდინარე აქედან, იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ რის საფუძველზე მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის შპს “ქეი 1“-სთვის მართვის უფლებით გადაცემა.

1. ფაქტობრივი გარემოებების შესახებ

• 2009 წლის 6 ოქტომბერს სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიქმნა სპეციალური მაუწყებლობა რუსულ ენაზე - „პირველი კავკასიური“ არხი, რომელიც წარმოადგენდა სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შემავალ სტრუქტურას და შესაბამისად ფინანსდებოდა სსმ-ს ბიუჯეტიდან, რომლის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფოს წინა წლების მთლიანი შიდა პროდუქციის არანაკლებ 0,12 პროცენტით

• სამეურვეო საბჭოს მიერ, 2010 წლის პროგრამული პრიორიტეტების განხილვის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს მხოლოდ პირველი არხი, მეორე არხი და რადიო 1. „პირველი კავკასიური“ არხის დაფინანსება შესაძლებელია სახელმწიფოს სარეზერვო ფონდებიდან მიზნობრივად გამოყოფილი თანხებით ან სხვა გარე შემოსავლებიდან. (იხ. www.gpb.ge)

• საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის №900 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მესამე არხის (პირველი კავკასიური) ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად მიზნობრივად გამოეყო 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი.

• 2010 წლის 12 ივლისს სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წინადადებით მიმართა შპს “ქეი 1“-მა მესამე არხის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.

• 2010 წლის 13 ივლისს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომლითაც ითხოვდა უახლოეს სხდომაზე საქართველოს მთავრობას განეხილა საკითხი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივად გამოყოფილი თანხების ფარგლებში მესამე არხის კერძო კომპანიისთვის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.

• 2010 წლის 14 ივლისს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა წერილობით მიმართა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლითაც ითხოვდა სამეურვეო საბჭოს თანხმობას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივად გამოყოფილი თანხების ფარგლებში მესამე არხის შპს “ქეი 1“-სთვის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.

• 2010 წლის 14 ივლისს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით გენერალურ დირექტორს ნება დაერთო შპს “ქეი 1“-თან გაეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულება.

• 2010 წლის 15 ივლისს ჩატარდა საქართველოს მთავრობის სხდომა, სადაც განხილული იქნა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელსა“ და შპს “ქეი 1“-ს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი. აღნიშნული სხდომის ოქმის თანახმად:
“1. საკითხი დამატებულ იქნეს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში.
2. ინფორმაცია მიღებულ იქნეს ცნობად.
3. სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესამე არხის შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით გაფორმდეს ხელშეკრულება შპს “ქეი 1“-სა და სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მესამე არხისათვის მიზნობრივად გამოყოფილი თანხის ნაწილი ავანსის სახით გადაეცეს შპს “ქეი 1“-ს.“

• 2010 წლის 15 ივლისს სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და შპს “ქეი 1“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რაც საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი არხის განვითარების ახალ ეტაპს.


2. სამართლებრივი შეფასების შესახებ

• “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-31 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება “...საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე.“, რაც ნიშნავს იმას, რომ შპს “ქეი 1“-თან ხელშეკრულების გასაფორმებლად არ იყო სავალდებულო ტენდერის გამოცხადება ან/და შერჩევის სხვა პროცედურების განხორციელება.

• “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის “ე“ პუნქტის თანახმად, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო “თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს.“ შესაბამისად, აღნიშნული მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო არ ახორციელებს ხელშეკრულების (გარიგების) შინაარსის რევიზიას, არამედ, ის თანხმობას აძლევს გენ. დირექტორს გარიგების დადებაზე მხოლოდ მისი ღირებულების გათვალისწინებით, თუ ეს უკანასკნელი აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და შპს “ქეი 1“-ს შორის ზემოთ ხსენებული ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების თანახმად, შპს “ქეი 1“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მესამე არხის მაუწყებლობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივი ვალდებულებები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით დადგენილი პირობები და
ბ) კვარტალში ერთხელ სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წარუდგინოს სრული ანგარიში (თანდართული შესაბამისი დოკუმენტაციით) მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ (რაც მოიაზრებს თანხების ხარჯვას, განხორციელებულ შესყიდვებს და ა.შ.).

ამდენად, შპს “ქეი 1“-ის საქმიანობა იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, რაც გამორიცხავს ყოველგვარი ეჭვის საფუძველს ამასთან დაკავშირებით.


იხ. თანდართული დოკუმენტები:
საქართველოს მთავრობის განკარგულება პირველი კავკასიური არხისთვის თანხის მიზნობრივად გამოყოფის შესახებ

შპს ”ქეი 1” საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი ჭანტურიას (12 ივლისი 2010წ.)

სსმ-ს გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ნიკა გილაურს

სსმ-ს გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას წერილი სსმ-ს სამეურვეო საბჭოს, არხის მართვაში გადაცემის შესახებ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მესამე არხის კერძო კომპანიისთვის მართვის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის სხდომის ოქმი N28 სსმ-სა და "ქეი 1"-ს შორის ხელშეკრულების ვიზირების შესახებ

ხელშეკრულება სსმ-სა და "ქეი 1" შორის

შპს "ქეი 1"-ის განაცხადი არხის განვითარების შესახებ

1313

უახლესი