საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2011-05-23 13:17:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება მაუწყებლის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციას და აცხადებს, რომ მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა ოპოზიციური ძალების მხრიდან დაადანაშაულონ საზოგადოებრივი მაუწყებელი არაობიექტურობასა და ტენდენციურობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აპირებს გახდეს რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების მანიპულირების ობიექტი, მითუმეტეს, რომ ასეთი ბრალდებები არ არის გამყარებული რაიმე კონკრეტული და დასაბუთებული არგუმენტებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით ოპოზიციის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ მიიღონ მონაწილეობა და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია პირველ არხზე მოქმედ 5 პოლიტიკურ თოქ-შოუში. ასევე საპროტესტო აქციების მოთხოვნები ყოველდღიურად შუქდება საინფორმაციო გამოშვებებში, ხოლო მაუწყებლის მეორე არხი უკომენტაროდ, პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადასცემს საპროტესტო აქციებს და ყველა ოპოზიციური პარტიის აქტივობებს.

საპროტესტო აქციების პირველივე დღეს მოამბის ღია ეთერში ერთსაათიანი საინფორმაციო გამოშვების მსვლელობისას სახალხო კრების ლიდერებს მხარდამჭერებისთვის მიმართვის საშუალება ხუთჯერ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ლიდერების ერთი ნაწილი კმაყოფილი დარჩა და ღიად გამოუცხადა მაუწყებელს მადლობა, საპროტესტო აქციების მსვლელობისას სახალხო კრების მოთხოვნები სხვადასხა პოლიტიკური ლიდრების ინტერესების მიხედვით იცვლებოდა, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში ჟურნალისტებთან ინტერვიუში მათ ვერ დააკონკრეტეს თავიანთი პრეტენზიები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ აგრძელებს თავისი ეთერით საპროტესტო აქციების სრულყოფილად გაშუქებას და საშუალებას აძლევს ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს საკუთარი აზრი გამოთქვას პირდაპირ ეთერში.

22 მაისს გადაცემაში “აქცენტები” ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს 40 წუთის განმავლობაში საშუალება ჰქონდა კითხვა-პასუხის რეჟიმში ესაუბრა საპროტესტო აქციის მიზნებსა და ოპოზიციის მოთხოვნებზე, თუმცა ჩვენი აზრით მან ვერ შეძლო დაესაბუთებინა თავისი პრეტენზია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მეტყველებს თუ როგორ არ შუქდება მათი მხარდამჭერების დევნის და დისკრიმინაციის ფაქტები გადაცემულია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და ჟურნალისტებს ურჩია ამ ფაქტების გამოსაძიებლად მიემართათ ამ ორგანიზაციებისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანია შექმნას და საზოგადოებისთვის მისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის ტელე და რადიოპროგრამები, რომელიც თავისუფალი იქნება, როგორც მიმდინარე პოლიტიკური, ისე სხვა რაიმე ინტერესების ზეწოლისგან. ჩვენი მთავარი პრინციპები - დამოუკიდებლობა, მიუკრეძოებლობა და კეთილსინდისიერება არ დადგება საფრთხის ქვეშ ნებისმიერი დაინტერესებული პოლიტიკური ძალის მცდელობის მიუხედავად.

1350

უახლესი