საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-01-15 11:35:00


მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი. მისი მიღების შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ძალების სრული კონტროლი დამყარდება. მეტიც, კანონპროექტში ჩადებული მექანიზმები ასეთი კონტროლის საშუალებას მისცემს ყველა მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტი მიმართულია იქით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად გადაიქცეს სახელმწიფო ტელევიზიად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრესი ფუნქციაა იყოს თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან და ასრულებდეს თავის ძირითად მიზანს: მიაწოდოს მოსახლეობას დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია, ხელი შეუწყოს თანამედროვე დასავლური ფასეულობების განმტკიცებას და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების აზრის წარმოჩენას.

ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დაძლია ის უნდობლობა და ნიჰილიზმი, რაც მისი საქმიანობის შეფასებისას საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდა. ამაზე მეტყველებს: 2010 წლის BBC-ის, ეუთოს, გაეროს, ევროკავშირის წინასაარჩევნო მონიტორინგისა და 2012 წლის ეუთოს, გაეროს, ევროკავშირისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის შეფასებები, რომელთა თანახმად საქართველოში დღესდღეობით მაუწყებელი ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი ტელერადიოკორპორაციაა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურებადობა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა, რაც ჩვენი საქმიანობის მიმართ საქართველოს მოქალაქეთა ნდობის ზრდის აშკარა გამოხატულებაა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) 2012 წლის დეკემბერში, თავის ყოველწლიურ საანგარიშო ყრილობაზე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სპეციალური პრიზი გადასცა ევროპის მასშტაბით არჩევნების ყველაზე ობიექტურად და ოპერატიულად გაშუქებისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანების წარმატებით შესრულება ნიშნავს იმას, რომ არსებული რეგულაციები ქმედითია და განაპირობებს პოლიტიკური რყევების, კრიზისებისა და პოლიტიკური ცვლილებებისაგან მაუწყებლის საქმიანობის დამოუკიდებლობას. მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობაზე ვერ იმოქმედა ზეწოლის ისეთი მექანიზმების ამოქმედებამ, როგორიცაა არაგეგმიური ფინანსური რევიზიები, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხში ხისტი პოზიცია და პოლიტიკური მუქარები. აღსანიშნავია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც ამ დროს მიიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ვგულისხმობთ ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების, ნატოს გენერალური მდივნის, EBU-ს განცხადებებს და რეზოლუციებს.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის შექმნილია უნიკალური სიტუაცია: რეალიზებულ იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმა და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად არ მოხდეს ხელმძღვანელი რგოლის ავტომატური ცვლილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა.

მიუხედავად არასტანდარტული ვითარებისა, მოკლე დროში სამეურვეო საბჭომ კონკურენტული, დემოკრატიული და გამჭვირვალე კონკურსის პირობებში აირჩია ახალი გენერალური დირექტორი. 2013 წლის აგვისტოში კი მოქმედი კანონის საფუძველზე განხორციელდება საბჭოს გეგმიური როტაცია (წევრთა 1/3).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაუშვებლად მიაჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. აღნიშნული ცვლილებების მიღება ჩვენს მიერ აღიქმება საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებულ ზეწოლად და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თვმჯდომარე
ლევან გახელაძე

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრები:

ნატალია დვალი
ოთარ კობერიძე
მამუკა ფაჩუაშვილი
ნინო დანელია
ავთანდილ ანთიძე
ეკა მაზმიშვილი
ემზარ გოგუაძე
ზურაბ დავითაშვილი
გიორგი მელაძე
დავით კანდელაკი
ბაკურ სულაკაური
ზაზა კორინთელი

1376

უახლესი