საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

გიორგი ბარათაშვილი სსმ-ს გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულია

გამოქვეყნებულია 2013-03-04 11:56:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დასრულებულია.
სამეურვეო საბჭომ სსმ-ს გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს უფლებამოსილება შეუჩერა. გენდირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მაუწყებლის მენეჯმენტში მომუშავე გიორგი ბაქრაძე დაინიშნა.

გენდირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ საგანგებო განცხადება წაიკითხა:

"ამა წლის 4 მარტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ განიხილა მაუწყებელში შექმნილი ვითარება. საკითხის განხილვას წინ უძღოდა მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიერ ამავე ორგანიზაციის საზოგადოებრივ–პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან ფაქტობრივი გადაყენება და ამ უკანასკნელის მიერ გენერალური დირექტორის დადანაშაულება, მისი მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებისა და ფინანსური გარიგების შეთავაზებაში.

ყოველივე ამას ორივე მხრიდან მოყვა განცხადებებისა და ბრალდებების გაცვლა, როგორც მაუწყებლის ეთერის, ისე სოციალური მედიის გამოყენებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მთავარი ფუნქცია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა, მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაუწყებლის რეპუტაციის დაცვაა. აქედან გამომდინარე, საბჭომ ვალდებულად ჩათვალა, განეხილა ზემოთ აღნიშნული საკითხი. საბჭომ მოისმინა ორივე მხარის არგუმენტები, რის შემდეგაც საბჭოს წევრების მოთხოვნით, მაუწყებლობის შესახებ კანონის 32 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტის თანახმად, დადგა გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი. მაუწყებლობის შესახებ კანონის 32–ე პრიმა მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.

გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო ხელმძღვანელობდა შემდეგი არგუმენტებით: საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრესი ფუნქციაა იყოს თავისუფალი პოლიტიკური კონიუქტურისგან და ასრულებდეს თავის ძირითად მიზანს, მიაწოდოს მოსახლეობას დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია. საბჭო ვალდებულია, მაუწყებელი დაიცვას შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენებისგან და უზრუნველყოს მაუწყებლის რეპუტაცია.

ფორმა, რომლითაც კონფლიქტი საზოგადოებას მიეწოდა, ზიანს აყენებს მაუწყებელს, მის შიდა სტაბილურობას. მხარეებს უნდა გამოეჩინათ თავშეკავება და კეთილგონიერება, რათა კონფლიქტი არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციებისა და ინსინუაციების საგანი.

საბჭო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით, ეჭვქვეშ არ აყენებს გენერალური დირექტორის უფლებას, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები და დაუშველბად მიიჩნევს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება საკადრო საკითხებში ჩარევის მცდელობად იქნეს ინტერპრეტირებული. ასეთი კრიზისული ვითარების შექმნა, იმ პირობებში, როდესაც მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა, მიგვაჩნია უპასუხისმგებლობად და საზოგადოებრივი ინტერესისთვის საფრთხის შემცველად.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, თვალ–ყური ადევნონ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს. ჩვენი მხრიდან მზადყოფნას გამოვთქვამთ მაუწყებელში არსებულ მდგომარეობაზე, უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს" – ნათქვამია განცხადებაში.

1267

უახლესი