საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-05-24 12:21:00


პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესის გაშუქებასთან დაკავშირებით, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1821 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის გადაცემა მათი მოთხოვნისთანავე.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ჩაწერა ან/და პირდაპირ ეთერში გადაცემა წარმოადგენს არა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვალდებულებას, არამედ - უფლებას. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ სასამართლო სხდომის გადაღებასთან დაკავშირებით, ტექნიკური, ადამიანური და სხვ. რესურსების გათვალისწინებით.

ამასთან, თუ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ სარგებლობს ზემოთ ხსენებული მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს. შესაბამისად, აღნიშნული უფლებით ისარგებლა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა, რომელმაც, როგორც საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირმა, გამოიყენა ეს შესაძლებლობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხმობითა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაგეგმა პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელება, რაზეც სასამართლოსგან მიიღო უარი.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სასამართლო პროცესის პირდაპირი ეთერით გადაცემას, პროცესის მიმდინარეობა არ ემთხვეოდა საინფორმაციო გამოშვების დროს და იმის გათვალისწინებით, რომ არ დარღვეულიყო სამაუწყებლო ბადე, სასამართლო პროცესი ვრცლად გაშუქდა სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებულ პირველივე საინფორმაციო გამოშვებაში. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნათა დაცვით, გადაღებული მასალა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიაწოდა ასევე სხვა მაუწყებლებს.

დამატებით გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული შინაარსობრივი ვალდებულებების ფარგლებში და მაქსიმალურად უზრუნველყოფს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვას.

1236

უახლესი