საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

CRRC სატელევიზიო არხების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია 2013-07-19 12:36:00


„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (CRRC) სატელევიზიო არხების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველ ანგარიშს აქვეყნებს. კვლევა 2013 წლის 15 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში შვიდი სატელევიზიო არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი განხორციელდა.

კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უმეტესწილად მიუკერძოებლად აშუქებდა მოვლენებს და მეტ-ნაკლებად ყველა აქტუალურ თემას ეხებოდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა, პოლიტიკურთან ერთად, სოციალურ თემატიკასაც აშუქებდა, მათ შორის სიუჟეტები მომზადდა ისეთ თემებზე, რომლებიც სხვა არხების ეთერში არ მოხვედრილა. კვლევის თანახმად, „მოამბის“ გამოშვებებში გაშუქების ნეიტრალური ტონი ჭარბობდა.

„მონიტორინგის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას გამოეხმაურა 8-საათიან „მოამბეში“ და პოლიტიკურ თემებთან ერთად სოციალური თემატიკაც გააშუქა. მაგალითად, სიუჟეტი პანკისის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლების მოთხოვნაზე მხოლოდ პირველ არხზე გაშუქდა. პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ მიკერძოება ნაკლებად შეინიშნებოდა, რაც რაოდენობრივ მონაცემებშიც აისახა იმ მხრივ, რომ ძირითადი სუბიექტების მიმართ ნეიტრალური ტონი ჭარბობდა და დადებითი თუ უარყოფითი გაშუქების მაღალი მაჩვენებლები არ დაფიქსირებულა. ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გამოიკვეთა, რაც გარკვეულწილად ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას შეიძლება დავუკავშიროთ“, - ნათქვამია CRRC-ს კვლევაში.

მედიამონიტორინგის ახალი ტალღა CRRC-მ შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით 2013 წლის მაისში დაიწყო. პროექტი ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" ფარგლებში ხორციელდება. მონიტორინგი 15 მაისს დაიწყო და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კვლევის შედეგების სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" ვებგვერდზე, შემდეგ მისამართზე: http://www.crrc.ge/store/downloads/news/CRRC%20MM%20Report_15%20May-15%20June_2013-FINAL.pdf

1291

უახლესი