საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

გამოქვეყნებულია 2013-08-05 12:42:00


სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ახალი თავმჯდომარე აირჩია. პირველი სექტემბრიდან ლევან გახელაძეს ემზარ გოგუაძე შეცვლის.
საბჭოს ხელმძღვანელის არჩევნებში 10 წევრი მონაწილეობდა. ემზარ გოგუაძემ ცხრა ხმა მიიღო, ერთმა წევრმა კი თავი შეიკავა.

ემზარ გოგუაძის განცხადებით, საბჭო სექტემბრიდან ახალ ფუნქციებს შეითავსებს. წლის ბოლომდე კი საბჭოს შემადგენლობა 13-დან 9-მდე შემცირდება. ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა პირველ სექტემბერს ეწურება.

ემზარ გოგუაძის, როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან.

2008 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ლევან გახელაძე ხელმძღვანელობს. მისი უფლებამოსილების ვადა პირველ სექტემბერს იწურება.

ემზარ გოგუაძე 2009 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია.
დაიბადა 1963 წლის 12 იანვარს. 2009 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია, 2004-2006 წწ. იყო თბილისის პოლიტიკური აკადემიის პრორექტორი, 2002-2004 წწ. თბილისის კავკასიური უნივერსიტეტის დირექტორი; 2001-2002 წწ. საერთაშორისო ინფორმაციის, სამართლისა და კულტურულ ურთიერთობათა უნივერსიტეტის პრორექტორი, 1992-2002 წწ. გაზეთი „ერი“ - სტილისტ-ლიტმუშაკი, 1990-1992 წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, უზენაესი საბჭოს პრესისა და ინფორმაციის სამსახურის უფროსი, 1989-1996 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წ. ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის დირექტორი, 1985-1990 წწ. გაზეთის „სახალხო განათლება“ კორესპონდენტი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1969-1979 წწ. ლანჩხუთის რაიონის სუფსის საშუალო სკოლა - ოქროს მედალი.

1549

უახლესი