საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-08-28 12:46:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ყოველთვის ცდილობდა და მომავალშიც ეცდება საქმიანი და პოზიტიური თანამშრომლობის მიმართულებით წარმართოს ურთიერთობა სამეურვეო საბჭოსთან, თუმცა რამდენიმე თვის წინ განვითარებული მოვლენები და ა.წ. 27 აგვისტოს სამეურვეო საბჭოს მიერ მაუწყებლის ოფიციალური ვებ-გვერდით გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმული პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სამეურვეო საბჭოს სურვილს მოახდინოს საზოგადოების თვალში მაუწყებლის მენეჯმენტის დისკრედიტაცია და კოლექტივში ქაოსის შეტანა, რაც რეალური კრიზისის შექმნის სურვილზეც მიანიშნებს, რადგან ზემოხსენებულ განცხადებაში გამოთქმული ბრალდებები და მოსაზრებები ძლიერ შორსაა რეალობისგან შემდეგი გარემოებების გამო:

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამეურვეო საბჭოს, მოთხოვნის შესაბამისად, წარუდგინა ინფორმაცია 2013-2014 წლის საეთერო სეზონის ახალი ბადით გათვალისწინებული გადაცემების შესახებ, მათი ფორმატების მითითებით. ასევე, საბჭოს წარედგინა ამ გადაცემების ბიუჯეტები და ზოგადად არხის განვითარების კონცეფციაც.

აღსანიშნავია, რომ ახალი სეზონის დაგეგმვის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა ტენდერები გადაცემების შესყიდვის მიზნით, რომელთა პირობები (მათ შორის ფინანსური) და შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აქედან გამომდინარე, ახალი საეთერო სეზონის მზადების კუთხით, საზოგადოებრივ მაუწყებელში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საეთერო სეზონის ჩავარდნის შესახებ ნებისმიერი სახის განცხადება.

2013 წლის ბიუჯეტის შესახებ, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ფლობდა სრულ ინფორმაციას. მეტიც, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არაერთხელ იქნა განხილული მაუწყებლის 2013 წლის ბიუჯეტის საკითხი, რაზეც დღევანდელ დღემდე სამეურვეო საბჭოს არცერთი წევრისგან არანაირი წინააღმდეგობრივი პოზიცია არ დაფიქსირებულა; საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის ძალისხმევისა და ფინანსური რესურსების მართვის მეშვეობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირნათლად უზრუნველყოფს ყველა მიმდინარე ფინანსური ვალდებულების ზედმიწევნით შესრულებას, ასევე, მაუწყებელში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გასულ წლებში დაგროვილი ფინანსური დავალიანებების დაფარვის კუთხით, რის შედეგადაც 2013 და 2014 წლების განმავლობაში ფინანსურ ვალდებულებებზე გასაწევი ხარჯი შეადგენს აღნიშნული პერიოდის ჯამური ბიუჯეტის თითქმის 30%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ განცხადების პათოსს მოსალოდნელი ფინანსური კოლაფსის თაობაზე.

სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულია შრომითი ხელშეკრულებების ძირითადი პირობები, შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ეწურებათ ხელშეკრულების ვადა, მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მათთან კვლავ გაგრძელდება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება განხორციელდება სამეურვეო საბჭოს მიერ დადგენილი ძირითადი პირობების გათვალისწინებით. რაც შეეხება საშტატო განრიგის სრულყოფილი ფორმით შემუშავებას, ეს საკითხი უკავშირდება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი კონკურსების ჩატარების მომზადებას. აღნიშნული საკითხის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურების განხორციელება შრომის კოდექსში და “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლის დღიდან, რის შესახებაც არაერთხელ ეცნობა სამეურვეო საბჭოს. გამომდინარე აქედან, საშტატო განრიგის მომზადება/დამტკიცება არ უკავშირდება და ვერ გამოიწვევს მაუწყებლის თანამშრომელთა კანონიერი ინტერესების დარღვევას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სრულიად გაუგებარია, რა წყაროებსა და კვლევებზე დაყრდნობით ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის დაცემის შესახებ განცხადებების გავრცელება, რამდენადაც უკანასკნელ პერიოდში მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობის კუთხით ტენდენცია მკვეთრად გაუმჯობესდა, რაც რეიტინგის ამაღლების წინაპირობას წარმოადგენს. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ზაფხულის საეთერო სეზონის (როდესაც მთავრდება სატელევიზიო სეზონი) შედარება ზამთრის საეთერო სეზონთან მოკლებულია კვალიფიციურ საფუძველს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, მჭიდროდ ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან თუ ორგანიზაციასთან და არხზე განხორციელებულ ნებისმიერ სიახლეზე მყისიერად აცნობოს საზოაგადოებას. აქვე გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სულ მალე წარსდგება მაყურებლის წინაშე განახლებული ფორმატითა და განახლებული ეთერით.

1275

უახლესი