საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-09-06 13:30:00


დღეს, 6 სექტემბრის სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან ერთხმად გაათავისუფლა გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი. სხდომას წინ უძღოდა არაერთი მოთხოვნა დირექტორის მიმართ საბჭოსთვის წარმოედგინა ორგანიზაციის ბიუჯეტი, საშტატო განრიგი და ინფორმაცია საეთერო სეზონისათვის მოსამზადებელი პროექტების შესახებ. არცერთი მიმართულებით ინფორმაცია დღემდე არაა მოწოდებული, ან მოწოდებულია არასრული სახით.

თუმცა, საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ ფრიად საგანგაშო ფაქტზე, რომელიც წინ უძღოდა დღევანდელ სხდომას. მხედველობაში გვაქვს მაუწყებელზე მომაგრებული უშიშროების თანამშრომლის, ირაკლი ციბაძის მხრიდან საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძეზე ზეწოლის მცდელობის ფაქტი.

ი. ციბაძემ მოსალოდნელი კენჭისყრის წინ თავს უფლება მისცა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისათვის მაღალი თანამდებობები შეეთავაზებინა, თითქოსდა თავისი ხელმძღვანელების სახელით, თავმჯდომარის პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ. ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ი. ციბაძის შეთავაზებები შეიცავდა მუქარის ნიშნებსაც.

მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას აღნიშნულთან დაკავშირებით და ვაცხადებთ, რომ ეს არის უაღრესად უხეში ჩარევა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესისათვის მიუღებელია და ხელყოფს სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტს.

მედიის თავისუფლება ჩვენი საერთო მონაპოვარია და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს მსგავსი რეციდივებისგან. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორს და უბრალო მოქალაქეებს, მკვეთრად გამოხატონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

1393

უახლესი