საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-09-11 13:31:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი განმარტავს, რომ წარმოდგენილი წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეორგოლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანომდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ: ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის “ჯ“ პუნქტის თანახმად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განმარტებულია, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის (საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა) ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

გარდა ამისა, “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ჰ14“ პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი შვიდი ვიდეორგოლიდან, ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს პასუხობდა მხოლოდ ერთი, რომელშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, იდენტიფიცირებული იყო არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრით და პრეზიდენტობის კანდიდატით. შესაბამისად, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოკლებული იყო საშუალებას, დანარჩენი ვიდეორგოლები თავის ეთერში განეთავსებინა წინასაარჩევნო რეკლამის სახით.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განათავსებს წარმოდგენილ სარეკლამო ვიდეორგოლებს საეთერო ბადეში, როგორც კი მკაფიოდ იქნება იდენტიფიცირებული საარჩევნო სუბიექტი.

აქვე, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის წარმოდგენისას დაიცვას ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიას წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის განთავსებაზე უარი უთხრა.

1298

უახლესი