საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-11-05 13:56:00


საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ამ პროცესების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა აგრეთვე საერთაშორისო წარმომადგენლებს, ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, დაიწყო ერთგვარად უწყვეტი კასკადი ზეწოლებისა, რომელიც უმთავრესად მიმართული იყო სამეურვეო საბჭოს წინააღმდეგ. ზეწოლის შედეგად საბჭოს შემადგენლობა დატოვა ორმა წევრმა და ამის შედეგად საბჭო გახდა ქმედუუნარო.

2014 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის ახალი კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომლითაც სამეურვეო საბჭოს ამ შემადგენლობას კვლავ ექნებოდა გადაწყვეტილების მიღებისა და გენერალური დირექტორის კონკურსის წესით არჩევის საშუალება.

სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე, რომლის საშუალებითაც არსებულ სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება შეუწყდება პირველ იანვრამდე და ცდილობენ, რომ დაჩქარებული წესით მოიყვანონ ისეთი შემადგენლობა, რომელიც კომფორტული იქნება ხელისუფლებისათვის.

სამეურვეო საბჭოს წევრთა ვადების ხელოვნური ცვლილება და შემადგენლობის ვადაზე ადრე დათხოვნა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობისა და ფუნქციონირების ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფა.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ნუ გადადგამს ასეთ არადემოკრატიულ ნაბიჯს, რადგან ეს არ ჯდება თამაშის იმ წესებში, რომელსაც გვთავაზობს თანამედროვე ცივილიზებული ურთიერთობები. გარდა ამისა, ამგვარი მოქმედებები ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟსა და ავტორიტეტს.

მივმართავთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოახდინონ სასწრაფო და მკაცრი რეაგირება ამ მოვლენებთან დაკავშირებით.

1268

უახლესი