საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი ღია კონკურსი დაიწყო

გამოქვეყნებულია 2013-12-23 14:30:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი ღია კონკურსი ოფიციალურად დაიწყო. კონკურსში 68 კანდიდატი მონაწილეობს. მათ საკუთარი რეზიუმე და საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია პარლამენტის თავმჯდომარეს გადაუგზავნეს.
კანდიდატებს შორის არიან: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი მამუკა არეშიძე, ჟურნალ "ტაბულას" ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი ქეთევან მსხილაძე, გაზეთ "24 საათის" რედაქტორი პაატა ვეშაპიძე. ჟურნალისტები: ირაკლი აბსანძე, ნინია კაკაბაძე, დავით მჭედლიძე.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და სხვები. კანდიდატთა სრული სიის, მათი რეზიუმეების და მაუწყებლის განვითარების კონცეფციების ნახვა პარლამენტის ვებ–გვერდზეა შესაძლებელი.

საკანონმდებლო ორგანომ უკვე დაამტკიცა მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრები. 9-კაციანი კომისიის შემადგენლობაში არიან: ჟურნალისტი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე, ჟურნალისტი ნინო ბექიშვილი, "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გამგეობის წევრი ნათია კაპანაძე, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი, “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი, პროფესორი ზაზა შათირიშვილი, ჟურნალისტი და პროფესორი თამაზ ჯოლოგუა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს დასაკომპლექტებლად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. შეხვედრაზე ცხრაკაციანმა კომისიამ დებულების პროექტი შეიმუშავა, რომელიც დღეს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეცემა. კომისიას ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს.

საკონკურსო კომისია სულ 68 კანდიდატის განაცხადს განიხილავს, საიდანაც 27 შეარჩევს. კომისიის მიერ შედგენილი სია საკანონმდებლო ორგანოს 10 დღის ვადაში უნდა გადაეცეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ცხრა წევრისგან დაკომპლექტდება. აქედან სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს უმცირესობა, ორს სახალხო დამცველი, ერთს კი აჭარის ტელევიზია დაასახელებს.

1502

უახლესი