საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-12-18 14:40:00


თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გზით მოსულმა ხელისუფლებამ თავისი არსებობის პირველივე თვეებიდან აქტიურად დაიწყო ძალისხმევის განხორციელება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩასაგდებად.

"პირველი მერცხალი" ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადება გახლდათ, რომლითაც მან გაამჟღავნა თავისი სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მე-9 არხის შერწყმის შესახებ. ამ ,,სურვილის“ რეალიზება 2012 წლის ნოემბერში შემოსავლების სამსახურის რევიზიით დაიწყო, რომელმაც 2 თვის განმავლობაში მაუწყებლის საქმიანობის სერიოზული შეფერხება გამოიწვია. რევიზიის შედეგად მაუწყებელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 8 მილიონიანი დავალიანება "აღმოუჩინეს", რაც მმართველმა გუნდმა იმისთვის გამოიყენა, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების ინიცირება დაეწყო, ვითომცდა იმ მოტივით, რომ მაუწყებელში შექმნილი იყო მმართველობითი კრიზისი და ის (მაუწყებელი) სასწრაფოდ სახელმწიფოსგან შველას ითხოვდა.

ასე, ხელოვნურად შექმნილი საბაბით პარლამენტმა დამკვრელური ტემპებით (10 დღეში) მიიღო მაუწყებლობის კანონში ცვლილებები, რომლებმაც გადათელა მაუწყებლობის დამოუკიდებლობის იდეა და სამეურვეო საბჭო, როგორც ამ დამოუკიდებლობის გარანტი, მკვდარ ინსტიტუციად გარდაქმნა. კერძოდ:

1. პარლამენტმა საბჭოს მოქმედ წევრებს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეუმცირა უფლებამოსილების ვადები. საქმე ისაა, რომ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომელთა დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის (მაგ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სახელმწიფო მარეგულირებელი კომისიები), მართავენ კოლეგიალური ორგანოები, რომელთა წევრთა უფლებამოსილებების ვადები აჭარბებს ქვეყანაში პოლიტიკური ციკლის - საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების - ვადებს. ამ ფაქტორზე მიუთითა კანონმდებლებს ეუთოს მედიის საკითხთა კოორდინატორმა, ქალბატონმა დუნია მიატოვიჩმაც, რომელმაც თავის საექსპერტო დასკვნაში ხაზგასმით მიუთითა აღნიშნული ნორმის დატოვების აუცილებლობაზე.

2. საკანონმდებლო ცვლილებებით შემოვიდა სამეურვეო საბჭოს კოლექტიურად დათხოვნის შესაძლებლობა პარლამენტის მიერ, რაც არსებითად საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის დაწესებას ნიშნავს. თავი რომ დავანებოთ 21-ე საუკუნეში კოლექტიური პასუხისმგებლობის როგორც იურიდიული ნონსენსის ამოქმედებას, მნიშვნელოვანია, რომ ეს ნორმა წინააღმდეგობაში მოდის თავად ამ კანონის მე-15, მე-16 და მე-18 მუხლებთან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტიებს განსაზღვრავს და რომლებშიც პირდაპირაა მითითებული, რომ მაუწყებელი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე და მასზე ზემოქმედების უფლება არ აქვს არცერთ სახელმწიფო ორგანოს.

ამ ცვლილებებს 2013 წლის ივნისში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო გადალახა და 12 ივლისიდან კანონი ძალაში შევიდა.

კანონის ამოქმედებიდან მალევე, აგვისტოს მიწურულსა და სექტემბრის დასაწყისში მაუწყებელში ვითარება დრამატულად განვითარდა. ხელისუფლებასთან გარიგებაში შესულმა და მისგან წაქეზებულმა მაუწყებლის ხელმძღვანელობამ საერთოდ უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს მიმართ ფინანსურ და პროგრამულ ანგარიშგებაზე. დაიწყო მაუწყებლის შტატების ზრდა (ძირითადად მე-9 არხის კადრების ხარჯზე). საბჭოსთან შეთანხმების გარეშე, კანონის უხეში დარღვევით, თვითნებურად ხორციელდებოდა საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება, რასაც საბჭოს მიერ 6 სექტემბერს მაუწყებლის დირექტორის გადაყენება მოყვა.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ საბჭოს ეს ნაბიჯი პირად გამოწვევად მიიღო, ვინაიდან საბჭოს წევრებზე ამ სხდომამდეც და შემდეგაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან დაიწყო ზეწოლისა და მუქარის ორგანიზებული კამპანია. ამ კამპანიის ფარგლებში ადგილი ჰქონდა მუქარას ე.გოგუაძისა და ა. ანთიძის მიმართ, მოსყიდვის მცდელობას ნ.დანელიას მიმართ და ა.შ.

ამ კამპანიის შედეგად საბჭოს რამდენიმე წევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას და დატოვა საბჭო, რამაც თავის მხრივ საბჭო დროებით გადაწყვეტილების მიღების უუნაროდ აქცია დაბალი ქვორუმის გამო. ხელისუფლების ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს მოყვა ის, რომ მაუწყებელი 2013 წლის საბიუჯეტო კორექციის გარეშე დარჩა, ვინაიდან კანონით ბიუჯეტის დამტკიცება საბჭოს უფლებამოსილებაში შედის. ამ ვითარებაში საბჭოს დარჩენილმა წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ინფორმაცია საბიუჯეტო დარღვევების შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაეგზავნათ.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა და 20 ნოემბერს კიდევ შეიტანა ცვლილებები თავისივე მიღებულ მაუწყებლობის შესახებ კანონში, რათა მოქმედი საბჭო დაჩქარებული ტემპით მოეშორებინა მაუწყებლიდან. მეტიც, ამავე ცვლილებებით პარლამენტმა მოქმედ საბჭოს წაართვა უფლება თუნდაც მიმდინარე წლის ბოლომდე მიეღო გადაწყვეტილებები და მას მხოლოდ საკონსულტაციო უფლებები დაუტოვა. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ მთლიანად საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმ ვითარებაზე, რაც საბჭოს უფლებამოსილების ხელოვნურად და უკანონოდ შეწყვეტას მოყვა და, შესაძლოა, კიდევ მოყვეს.

იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების უხეში ჩარევის შედეგად სამეურვეო საბჭოს ჩამოერთვა კანონით მისთვის მინიჭებული გადაწყვეტილების მიღების უფლება, საბჭომ სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

მიგვაჩნია, რომ მეურვეების შერჩევის მიმდინარე, საეჭვოდ ნაჩქარევი პროცესი მედიის თავისუფლების ხელყოფის კიდევ ერთი მცდელობაა, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც კონსტიტუციას, ასევე გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის დაცვის კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაზეც არაერთხელ მიუთითეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც.

მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და მედიის დამოუკიდებლობას და ნუ დაუშვებენ პოლიტიკური ავტორიტარიზმის ლეგიტიმაციას საკუთარი მონაწილეობით ამ პროცესში;

მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, გამოცხადდეს მორატორიუმი მაუწყებლობის
შესახებ კანონის რელევანტურ მუხლებზე და გადაიდოს კანონით
გათვალისწინებული პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
გადაწყვეტილების მიღებამდე.

1395

უახლესი