საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პარლამენტმა GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრად მხოლოდ 3 კანდიდატი აირჩია

გამოქვეყნებულია 2013-12-27 15:02:00


საქართველოს პარლამენტმა დღეს, 27 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველ 6 კანდიდატს უყარა კენჭი. პარლამენტმა მათგან სამეურვეო საბჭოს წევრად 3 დაამტკიცა. დარჩენილმა სამმა კი ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ -საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატი - მარინა მუსხელიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ დასახელებული კანდიდატი - ქეთევან მსხილაძე და საპარლამენტო უმრავლესობის - „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, ნათელა სახოკია.

სახალხო დამცველის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა - ლელა გაფრინდაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, ნინია კაკაბაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, გენადი გელაძემ სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვეს.

მარინა მუსხელიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა, ლელა გაფრინდაშვილს - 18 მომხრე, 8 წინააღმდეგი, გენადი (გენო) გელაძეს - 29 მომხრე 3 წინააღმდეგი, ქთევან მსხილაძეს - 99 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი, ნინია კაკაბაძეს - 29 მომხრე და 5 წინააღმდეგი, ნათელა სახოკიას - 83 მომხრე 3 წინააღმდეგი.

აჭარის უმაღლეს საბჭოს, სახალხო დამცველს, უმრავლესობასა და უმრავლესობას მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ პარლამენტს ხელახლა შესთავაზონ საკუთარი კანდიდატები (კომისიის მიერ შერჩეული 27 კანდიდატიდან) დასამტკიცებლად. მათ პარლამენტისთვის კანდიდატების წარსადგენად 10 დღე აქვთ. თუ ამ შემთხვევაშიც ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას (არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა). თუ ვერც ამ კენჭისყრის შედეგად დაკომპლექტდა სამეურვეო საბჭო სრულად, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი ხელახლა ცხადდება.
წყარო: media.ge

1425

უახლესი