საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პარლამენტი სსმ-ის მეურვეობის 4 კანდიდატს უყრის კენჭს

გამოქვეყნებულია 2014-01-22 11:33:00


დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ოთხ კანდიდატს კენჭს უყრიან.

უმრავლესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატები, საპარლამენტო უმცირესობასთან შეთანხმებით, პარლამენტს დასამტკიცებლად დარეჯან ჯავახიშვილს წარუდგენენ.

უმცირესობა კვლავ ნინია კაკაბაძეს დაასახელებს. ასევე, კანდიდატს არ ცვლის აჭარის უმაღლესი საბჭო და ისევ გენადი გელაძეს წარადგენს. სახალხო დამცველიც კვლავ ლელა გაფრინდაშვილს ასახელებს.

რაც შეეხება უმრავლესობას, მათ კანდიდატებზე შეჯერება ვერ მოახერხეს და შესაბამისად, არცერთ კანდიდატს არ წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი კანდიდატია დამტკიცებული. შესაბამისად, დღეს რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტისთვის წარდგენილი კიდევ ოთხი კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელს ქმედუნარიანი სამეურვეო საბჭო ეყოლება.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევაზე საუბრობს საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრი ია ანთაძე. მისი თქმით, პარლამენტისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარდგენის ვადები დაირღვა, რადგან კანონმდებლობით განსაზღვრული 9 კანდიდატი სრულად ამ დრომდე არ არის დასახელებული.

უმცირესობის მიერ წარდგენილი ბორდის წევრობის ერთერთი კანდიდატი ნინია კაკაბაძე კი ვარაუდობს, რომ მის კანდიდატურას პარლამენტი მხარს არც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაუჭერს.

ბორდის დაკომპლექტების საკითხს ეხმაურებიან საქართვლოში აკრედიტებული ელჩები. დიპლომატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

“მხედველობაში ვიღებთ 2013 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების მიღებას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შერჩევის საკითხს არეგულირებს. მიგვაჩნია, რომ კანონი ახლა ისე უნდა განხორციელდეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში პროფესიონალური და დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭო დაინიშნოს და ქართული მედიაგარემო კიდევ უფრო გაძლიერდეს. პარლამენტის მიერ შექმნილმა შერჩევითმა კომიტეტმა კანდიდატები განიხილა და 27 კანდიდატის სია გამჭვირვალედ და ზედმიწევნით, კანონის მოთხოვნების შესაბამისად შეარჩია. მაშინ, როცა მსოფლიო მოელის საქართველოსგან, რომ მან პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის დემოკრატიული იდეალები დაიცვას, ჩვენ მოუთმენლად ველით პარლამენტის მიერ შერჩევის პროცესის დასრულებას, როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული”, - ნათქვამია ელჩების ერთობლივ განცხადებაში.

1317

უახლესი