საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

უმრავლესობა GPB-ს მეურვეობის კანდიდატებად ალექსანდრე ვახტანგოვსა და გრიგოლ გოგელიას ასახელებს

გამოქვეყნებულია 2014-04-10 12:23:00


საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე გრიგოლ გოგელიასა და ალექსანდრე ვახტანგოვს ასახელებს.

ამის შესახებ Media.Ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა. მან სახელის გამხელა არ ისურვა, რადგან უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანდიდატების დასახელების უფლება მხოლოდ გია ვოლსკის აქვს. ის კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

გრიგოლ გოგელია სს „სარაჯიშვილი“–ს ბიზნეს განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის დირექტორია, 2013 წლის სექტემბერიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საჭოში. სხვადასხვა დროს კი იყო - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი და სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი.

ალექსანდრე ვახტანგოვი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესიორია და მუშაობს „იბერია TV“-ში. მანამდე ის იყო საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალის - BANFF-ს ორგანიზატორი საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხის მუსიკალური და გასართობი პროგრამების მიმართულების მთავარი პროდიუსერი და 2003 წლიდან დღემდე სტუდია „სანდრო ვახტანგოვ პროდაქშენ“-ის ხელმძღვანელია.

გოგელია და ვახტანგოვი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ 60 მსურველს შორის შეარჩია და საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობას მიღმა დარჩენილ დეპუტატებსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შესთავაზა. ორივე მათგანმა 9 წევრიანი საკონკურსო კომისიის 5 ხმა მიიღეს.

საკუთარი კანდიდატებზე შეთანხმებულები არიან საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილი დეპუტატებიც. ისინი პარლამენტს დასამტკიცებლად ნინია კაკაბაძესა და დავით კიზირიას წარუდგენენ. გუშინ, 9 აპრილს კი აჭარის უმაღლესმა საბჭომ სამეურვეო საბჭოს საკუთარ კანდიდატად გიორგი კოხრეიძე დაასახელა.

9 წევრიანი სამეურვეო საბჭოს წევრი გახდება ის, ვინც მინიმუმ 76 ხმას მიიღებს. თუმცა როდის გაიმართება კენჭისყრა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჯერ არ იციან.

დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 5 ვაკანტური თანამდებობაა დარჩენილი. ახალი წესით არჩეული კი 4 მეურვე ჰყავს - უმრავლესობის მიერ დასახელებული ნათელა სახოკია, უმცირეობის მიერ წარდგენილი ქეთევან მსხილაძე და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატები - მარინე მუსხელიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი. შესაბამისად, კანდიდატების დასახელების უფლება მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას (2), უმრავლესობას მიღმა დარჩენილ დეპუტატებს (2) და აჭარის უმაღლეს საბჭოს (1) ჰქონდათ.

წყარო: media.ge

1337

უახლესი