საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდე

გამოქვეყნებულია 2014-04-16 12:31:00


რეგისტრაციის N569
გადაწყვეტლება გამოცხადდა 11.04.2014
აღნიშნული ანალიზი საკოსნტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტებას და მის ძირითად არგუმენტებზე აქცენტის გაკეთებას ისახავს მიზნად. ანალიზი მომზადებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ და არ შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურ კომენტარად.

დავის არსი
საქმეზე: საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვადაზე ადრე დათხოვნის ფაქტის კონსტიტუციურობაზე კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით. განსახილველ საქმეზე უნდა დადგინდეს რამდენად სამართლიანად განისაზღვრა ბალანსი პირთა უფლებებსა და საჯარო ინტერესებს შორის, უნდა შეფასდეს, რამდენად პროპორციულია რეფორმის გატარების მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება და რამდენად წონადია ეს ლეგიტიმური მიზანი იმ კონსტიტუციურ სიკეთესთან შედარებით (სამეურვეო საბჭოს წევრთა ვადის სტაბილურობა), რომლის შეზღუდვაც მოხდა.

სასამართლოს 2013 წლის 11 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N569) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - დავით კანდელაკმა, ნატალია დვალმა, ზურაბ დავითაშვილმა, ემზარ გოგუაძემ, გიორგი მელაძემ და მამუკა ფაჩუაშვილმა. მოსარჩელეები მოითხოვდნენ მაუწყებლის შესახებ კანონში იმ ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ითვალისწინებდა უფლებამოსილების შეწყვეტას. კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ სამეურვეო საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევისთანავე) (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

მხარეთა არგუმენტები
ა) მოსარჩელეებმა განხილვისას შემდეგი არგუმენტები წარმოადგინეს:
- საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს ყველა იმ თანამდებობის პირს, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედებს, შექმნილია კანონმდებლობის საფუძველზე, ასრულებს საჯარო უფლებამოსილებას და მის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი.
- დიფერენცირება უნდა მოხდეს სახელმწიფო სამსახურის კონსტიტუციურ დეფინიციასა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოცემულ დეფინიციას შორის.

- სახელმწიფოს არ აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, შექმნას საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ, თუ შექმნის, მაშინ ვალდებულია, პატივი სცეს მის დამოუკიდებლობას კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში.
- პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით განხორციელებული ჩარევა გაუმართლებელია, ვინაიდან იგი იწვევს „განგრძობადობის ტრადიციის“ დარღვევას, რის გარეშეც მაუწყებელი უფუნქციო ინსტიტუციად გადაიქცევა.
ბ) საქართველოს პარლამენტი საპასუხოდ მიუთითებდა:

- ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუცია, ისინი უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ - შრომის თავისუფლების დაცვის სფეროში
- ცვლილებები განპირობებული იყო რეფორმის აუცილებლობით, რაც, თავის მხრივ, კანონის კონსტიტუციისადმი შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად.
- სამეურვეო საბჭოს ფორმირების ახალი წესის შემოღება განპირობებული იყო ძველი წესის მიხედვით არჩეული სამეურვეო საბჭოს არაეფექტურობით.
- კანონმდებელს ამოძრავებდა ერთი უმთავრესი მიზანი - უზრუნველეყო პლურალისტული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირება, სადაც მაქსიმალურად მრავალფეროვანი წარმომადგენლობა ექნებოდა საზოგადოების ყველა ჯგუფს.

სასამართლოს პოზიციის ანალიზი
სასამართლოს მსჯელობა ორი მიმართულებით განვითარდა, პირველი - რამდენად მართებულია კონსტიტუციის 29-ე მუხლის გამოყენება აღნიშნული დავისას და მეორე - იყო თუ არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონით დარღვეული 29-ე მუხლის მოთხოვნები.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად:
„1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
11. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.“
29-ე მუხლი განმარტებისას სასამართლომ რამდენიმე ნიშანზე მიუთითა. მან აღნიშნა, რომ 29-ე მუხლში ნახსენები „სახელმწიფო თანამდებობა“ არის კონსტიტუციური ტერმინი, რომელიც უნდა განიმარტოს მისი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მისი ბუნებისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვის გათვალისწინებით“. სასამართლომ კონსტიტუციურ ტერმინის ფართო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გაცდა „საჯარო მოხელისა“ და „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის“ პირების დეფინიციებს. გადაწყვეტილების თანახმად, ტერმინის ვიწრო განმარტება „პრინციპულად არასწორი იქნებოდა“ და „გაუმართლებლად გაფართოვდებოდა ხელისუფლების დისკრეცია საჯარო ხასიათის ამოცანების შემსრულებელ პირთა დანიშვნის (არჩევის) და საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმების მიღების პროცესში“, რაც საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ფუნქციების მქონე პირების სტაბილურ დასაქმებას და აშკარა წინააღმდეგობაში მოვიდოდა კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებთან. სასამართლო მიუთითებს, რომ კონსტიტუციის ეს ნორმა „განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს“. სასამართლოს მსჯელობის შესაბამისად „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით, საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის . . . დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.“

მოპასუხე მხარე აღნიშნული დავის გადაწყვეტას კონსტიტუციის 30-ე მუხლის ფარგლებში ხედავდა და სასამართლომ ამ საკითხზეც იმსჯელა. სასამართლოს პოზიციის თანახმად ორივე მუხლის ძირითადი მიზანია: „უზრუნველყოს პირთა შესაძლებლობა, კანონით გათვალისწინებული წესით დასაქმდნენ, დაიკავონ ესა თუ ის თანამდებობა საკუთარი უნარის, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების ადეკვატურად და შეუფერხებლად განახორციელონ შრომითი საქმიანობა.“ თუმცა, სასამართლო ასხვავებს ამ მუხლებით დაფარული ურთიერთობების ბუნებას და მიუთითებს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი უკავშირდება პირის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს საქმიანობა საჯარო სფეროში . . . მისი მოქმედების არეალი შემოიფარგლება სახელმწიფო სამსახურით, საჯარო სფეროთი, იგი არ უკავშირდება კერძო სექტორს.“ ამის საპირისპიროდ 30-ე მუხლი კერძო პირებს შრის წარმოშბილ შრომით ურთიერთობებს აწესრიგებს. სასამართლომ მკაფიოდ მიუთითა, რომ აღნიშნულ საქმეში „საქართველოს პარლამენტი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც კერძო დამსაქმებელი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიზნებისათვის“. აქედან გამომდინარე სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებათა დაცვის შესაძლებლობა 29-ე მუხლით ხდება გარანტირებული.

დავის ფარგლების განსაზღვრის შემდეგ სასამართლომ ყურადღება მიაქცია მხარეთა ინტერესების გამოკვლევას და მიუთითა რამდენიმე ტესტზე, რომელთა გამოყენებითაც გამოიკვლევდა აღნიშნულ დავას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების, მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“. საქართველოს პარლამენტი ნებისმიერი ნორმატიული აქტის შემუშავებისას შებოჭილია ძირითადი უფლებების პატივისცემისა და თანაზომიერების პრინციპების მოთხოვნებით. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე”
სასამართლო აქვე გვთავაზობს უფლებათა დაცვის მეორე ტესტს: „ . . . ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ არ არსებობს სხვა უფრო ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.“

საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო თანამდებობა, მისი სპეციფიკურობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, წარმოადგენდეს სტაბილურ და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება კანონითა და კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელება.

გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ მოსამართლე, სახალხო დამცველი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს წევრები სახელმწიფო თანამდებობის პირთა იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომელთა საქმიანობაში ჩაურევლობის, მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობა კანონით დადგენილი უფლებამოსილების ვადაა. შესაბამისად, მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის დროს შეიძლება გამართლდეს ჩარევა. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება მიიღოს პერმანენტული, შეუქცევადი ხასიათი, რაც არა მხოლოდ პირთა თანამდებობაზე გარკვეული ვადით განწესებას დაუკარგავს აზრს, არამედ ეჭვქვეშ დააყენებს ამ ორგანოთა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.“
სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩარევა და სტაბილურობის დარღვევა იმგვარი ფორმით უნდა მოხდეს, რომ დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს სახელმწიფო თანამდებობის პირთა ლეგიტიმური მოლოდინები და არ შეირყეს მათი ნდობა არსებული კანონმდებლობის მიმართ.

გადაწყვეტილების შესაბამისად „განსახილველ საქმეზე უფლებამოსილების ვადის შეზღუდვა, მეურვის დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიის ჭრილში უნდა შეფასდეს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის პირველი წინადადებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განამტკიცებს მედიის თავისუფლებას, მის დამოუკიდებლობას, კრძალავს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მედიის საქმიანობას გაუმართლებლად შეზღუდავს. ამდენად, კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების უფლება, არამედ მისი მმართველობითი ორგანოს დამოუკიდებლობა. ამდენად, სამეურვეო საბჭოს დანიშნულების განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ მისი წევრების დამოუკიდებლობაა“ „.სამეურვეო საბჭოს წევრთა განსაკუთრებული სტატუსი და დაცვის გარანტიები საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის დაცვას ემსახურება. მეურვეთა დამოუკიდებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არსის განმსაზღვრელი ელემენტია. აქედან გამომდინარე, მეურვეების საქმიანობის განხორციელების უფლების შეზღუდვა, მკაცრი კონსტიტუციური სტანდარტების გამოყენებით შეფასდება.“

სასამართლო ეთანხმება იმ პოზიციას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის უფრო წარმომადგენლობითი, ეფექტიანი და გამჭვირვალე მოდელის დანერგვა, წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ საჯარო მიზანს. ამასთან, ცხადია, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ [არა ერთადერთ - ავტორის შენიშვნა] საშუალებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისას კანონმდებელი ვალდებულია, დაიცვას გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს კი ევალება, რომ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის კონფლიქტის დროს, გაავლოს ზღვარი, რომელიც ამ ინტერესებს შორის კონსტიტუციურ ბალანსს ასახავს.

სასამართლომ აღნიშნულ საქმეში ორი ინტერესი დაპირისპირა ერთმანეთს „ . . . სამეურვეო საბჭოს წევრების, როგორც საჯარო ფუნქციის შემსრულებელი სახელმწიფო თანამდებობის პირების საქმიანობაში ჩაურევლობის ინტერესი და საზოგადოებრივი მაუწყებლის უფრო წარმომადგენლობითი, ეფექტიანი და გამჭვირვალე მოდელის შექმნის ლეგიტიმური მიზანი.“ ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ „მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის უკეთესი მოდელი, სამეურვეო საბჭოს წევრთათვის გაზრდილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით და უფრო მონაწილეობითი დაკომპლექტების წესით, არ არის საკმარისი საფუძველი სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადის შესაზღუდად.“

სასამართლო ყურადღებას აქცევს პარლამენტის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს ახალი პროცედურის და მეურვეთა მიერ წაყენებული ფორმალური მოთხოვნების შესახებ. პარლამენტის მტკიცებით ეს მოთხოვნები მოქმედი წევრების მეირ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუძლებელს ხდიდა. თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული არგუმენტები „ვერ გამორიცხავს სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების მიერ სამეურვეო საბჭოს განახლებულ ფორმატში უფლებამოსილებების სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობას.“

გადაწყვეტილებაში გამოკვლეულია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ალტერნატიული შესაძლებლობაც და სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ დავაში არ დასტურდებოდა, რომ „ . . . სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით განსაზღვრული ფუნქციის შესასრულებად . . . “, რაც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავო ნორმის გაუქმების შესახებ.

1543

უახლესი