საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2014-05-30 12:58:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობა და ბიუჯეტი ბოლო დროს მედიის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის საგანია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორი კახაბერ სონიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურად საუბრობს:

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი 2012 წლის დეკემბერში აირჩიეს. ახალ მენეჯმენტს, რომელმაც მუშაობა დაიწყო 2013 წლიდან, ორგანიზაციაში დახვდა დეფოლტის პირას მისული, ფაქტობრივად სავალალო სიტუაცია - წინა სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის მიერ დანატოვარი 35 მილიონი ლარის დავალიანება, უფრო მეტიც, არსებული დავალიანება დაახლოებით 3 მილიონი ლარით აღემატებოდა მაუწყებლის მთლიან ბიუჯეტს. ამასთან არ იყო გაწერილი ფინანსური პოლიტიკა, მიზნები, პროცედურები.

ყოფილი სამეურვეო საბჭოსა და შიდა აუდიტის მიერ 2013 წლის ანგარიშში, ხელფასებთან დაკავშირებული საკითხი არის აბსოლუტურად არაობიექტურად და არაკომპეტენტურად წარმოდგენილი.

2012 წლის ბიუჯეტის სახელფასო ნაწილი 15 214 000 ლარამდე იყო, ხოლო 2013 წელს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში სახელფასო ფონდზე გათვალისწინებული იყო მხოლოდ 10 მილიონი ლარი, რაც 5 მილიონ 200 ათასი ლარით ნაკლებია 2012 წლის სახელფასო ფონდზე, ანუ სახელფასო ფონდი 2013 წელს 5 200 000 ლარით უნდა შემცირებულიყო, ეს კი მოხდებოდა თანამშრომლების 34 %-ის გათავისუფლების ხარჯზე, რისგან თავის არიდებაც არსებულმა მენეჯმენტმა წარმატებით მოახერხა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი იყო არაადეკვატური და სრულიად არ შეესაბამებოდა რეალობას.

ამ პერიოდის განმავლობაში ამავე სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან ორჯერ გადააყენა (თუმცა იგი სასამართლოს გზით აღდგა თანამდებობაზე), ორჯერ დანიშნა გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი და შექმნა კრიზისული ვითარება.

ორგანიზაციაში არსებული ვითარების მიუხედავად, 2013 წელს დაახლოებით 3 00 000 ლარით ნაკლები თანხა გაიცა ხელფასის სახით, ვიდრე 2012 წელს. ასევე შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯი 1 351 000 ლარით, 2012 წელთან შედარებით სამივლინებო ხარჯები შემცირდა 715 000 ლარით. რაც ყველაზე მთავარია, ორგანიზაციამ ვალის სახით გადაიხადა დაახლოებით 12 მილიონი ლარი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წლებთან შედარებით ახალმა მენეჯმენტმა 2013 წლიდან ყველა მიმდინარე გადასახადის დაფარვა შეძლო, გადაიხადა წინა წლებში აკუმულირებული დავალიანების დიდი ნაწილი, რისი პრეცედენტიც უახლოეს წარსულში არ ყოფილა.

ასევე გაუგებარია, პროდიუსინგის ხარჯებთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ანგარიშში მოყვანილი აბსოლუტურად მცდარი ციფრები. განვმარტავთ, რომ 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 4 430 000 ლარი, ხოლო გაიხარჯა 4 098 000 ლარი და დაიზოგა 332 000 ლარი. იხ. ბმული

ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ზრუნავს, რომ გათავისუფლდეს მემკვიდრეობით დანატოვარი ვალებისგან და საკუთარი რესურსი მაქსიმალურად მიმართოს სატელევიზიო ეთერის ხარისხის გაუმჯობესებისა და პროგრამული მრავალფეროვნებისკენ.

დაინტერესებული პირებისთვის ორგანიზაციის შესახებ ყველა ინფორმაცია, მათ შორის ფინანსური ანგარიში საჯარო და ხელმისაწვდომია. იხ. ბმული

1322

უახლესი