საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2015-08-06 13:59:00


გაცნობებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ნ“ პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში (ადმინისტრაციულ ორგანოში) დაცული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა [„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 27(დ)] პერსონალური მონაცემების გარდა.

გამომდინარე აქედან, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის 41(2) მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „ნ“ პუნქტის, 10(1), 271, 28(1) და 44(1) მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, თუკი მაუწყებლის მხრიდან გარკვეული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ეს განხორციელდა კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მათი სრული დაცვით.

ამდენად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ბატონ არჩილ კაიკაციშვილის განცხადება გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას, იმის თაობაზე, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციას განზრახ მალავს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ამავე ინტერვიუში გაჟღერებული ბრალდება წამყვანების შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი არ ეფუძნება ოფიციალურ საინფორმაციო წყაროს ან დოკუმენტურ მასალას, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, მოკლებულია ყოველგვარ რეალურ საფუძველს და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, სრულიად გაუგებარია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდა მაუწყებლის თანამშრომელთა სახელფასო პოლიტიკის შეფასება როგორც „დისკრიმინაციული“.

აქვე დავძენთ, რომ „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების 1-ელი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ არ ვრცელდება მისი მოქმედება, შესაბამისად, მაუწყებელი არ არის ვალდებული თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოაქვეყნოს საჯარო ინფორმაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია, ყოველთვიურად აქვეყნებს ინფორმაციას ფინანსური ხარჯების შესახებ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულ გამჭვირვალობას.

1275

უახლესი