საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

კონკურსი პროექტ „წიგნების თაროს“ ლოგოს შესაქმნელად

გამოქვეყნებულია 2015-10-29 14:05:00


პირველი არხის ახალი პროექტი „წიგნების თარო“ აცხადებს კონკურსს გადაცემის ლოგოს შესაქმნელად.

ლოგოს კონკურსის პირობები: ლოგოს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სკოლის ასაკის ნებისმიერ მსურველს. მონაწილემ არაუგვიანეს 6 ნოემბრისა (18:00 საათამდე) მის მიერ შექმნილი ლოგოს ესკიზი შემდეგ მისამართზე უნდა გამოგზავნოს: [email protected]

ასევე, ქართული შრიფტით აუცილებლად უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, ასაკი და სკოლის დასახელება.

ლოგო უნდა იყოს პოზიტიური, ადვილად აღქმადი, პროექტის არსთან შესაბამისი, ეფექტური და თანამედროვე. მასში არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა ავტორის მიერ შექმნილი ვიზუალური ელემენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.

ლოგოს შერჩევას განახორციელებს სპეციალური ჟიური, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს სამი კრიტერიუმით: 1. ვიზუალური მხარე; 2.შინაარსი; 3.ინტერაქცია „მოწონება“/Like (ყველაზე მეტი „მოწონება“ ავტომატურად არ გულისხმობს ლოგოს გამარჯვებას).

გამარჯვებული ლოგოს ავტორი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 200-ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება (ლოგოზე საავტორო უფლებები ამ მომენტიდან გადაეცემა საზოგადოებრივ მაუწყებელს).

პროექტი „წიგნების თარო“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

„წიგნების თარო“ ახალგაზრდული შემეცნებითი ტელეთამაშია, რომლის თემატიკას მხატვრული ლიტერატურა წარმოადგენს და შესაბამისად, გამარჯვებისთვის მთავარი წიგნიერებაა. თითოეულ თამაშში მონაწილეობს ორი სკოლის გუნდი, რომლებიც დაკომპლექტებულია სამ-სამი მონაწილით. მონაწილეობა შეუძლიათ 15-16 წლის მოსწავლეებს. თამაში 7 რაუნდისგან შედგება, რომელთაგან ერთი გულშემატკივრების რაუნდია, ყველაფერი კი ბლიცტურით სრულდება. თამაშში ასევე მონაწილეობს მოწვეული სტუმარიც, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, რომელიც რიგ შემთხვევებში მოთამაშეების დახმარებას ცდილობს. „წიგნების თარო“ ერთი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში გრძელდება, ოლიმპიური პრინციპით.

პროექტის მონაწილეები წიგნებით დასაჩუქრდებიან, გამარჯვებული გუნდისთვის კი პირველი არხი განსაკუთრებულ და დაუვიწყარ საჩუქარს ამზადებს.

პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 568 911900; 599 113732.

1488

უახლესი