საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსზე საქართველოს ლიზი რამიშვილი წარადგენს

გამოქვეყნებულია 2012-03-11 14:39:00


ლიზი რამიშვილი საქართველოს 2012 წლის ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსზე წარადგენს. ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა 11 მარტს შესარჩევი კონკურსის III ტურის შედეგად გაირკვა, რომელიც თბილისის მუსიკალურ ცენტრში შედგა.

III ტურში 6 კონკურსანტი მონაწილეობდა:

1. ანა ყიფიანი – ფორტეპიანო
2. ნათია ნატროშვილი – ფორტეპიანო
3. თამარ მიდელაშვილი – ფორტეპიანო
4. სენდი ვართანოვი – ვიოლინო
5. ლიზი რამიშვილი - ჩელო
6. ინალ ჯიოევი – ჰობოი

ორკესტრთან შესრულების შემდეგ, 6 კონკურსანტს შორის ჟიურიმ გამარჯვებული გამოავლინა, რომელიც კლასიკური ევროვიზიის კონკურსზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაემგზავრება.

ლიზი რამიშვილი დაიბადა 1997 წლის 6 მაისს ქ.თბილისში. ჩელოზე დაკვრა 7 წლის ასაკში დაიწყო. სწავლობს ქ.თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის #1 ცენტრალურ მუსიკალურ გიმნაზიაში (ხელმძღვანელი-პროფესორი თამარა გაბარაშვილი) ასევე, 35-ე საშუალო სკოლაში. მონაწილეობდა ყველა საჩვენებელ კონცერტში. ჩატარებული აქვს 3 სოლო კონცერტი; 2006 წ. ფესტივალ “ამაღლების” დიპლომანტი;

2007 წ. მუსიკოს-შემსრულებელთა მე-4 რესპუბლიკური კონკურსის საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილე; 2008- 2009 წ.წ. ევგენი მიქელაძის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი რევაზ ტაკიძე, ბახის, სენ-სანსის და ჰაიდნის კონცერტები; 2009 წ.-მონაწილეობდა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, იყო ჯგუფ "პრინცესების" ერთ-ერთი წევრი; 2010 წ. გრან-პრი გიუმრის საერთაშორისო კონკურსი „აღორძინება“ (სომხეთი); 2010 წ. საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსი „მაკნატუნა“ I პრემიისა და „ოქროს მაკნატუნას“ მფლობელი, (რუსეთი). ამავე კონკურსში გადაეცა ორკესტრ „НОВАЯ РОССИЯ“-ს ლაურეატის წოდების დიპლომი;
არის როსტროპოვიჩის, მიასკოვსკის სახელობის სტიპენდიატი;

2010 წ. ჰაიდნის კონცერტი C-dur ჩაიკოვსკის სახელობის დიდი სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი საულიუს სონდეცკისი (რუსეთი); 2011 წ. ვლადიმერ სპივაკოვის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „მოსკოვი ხვდება მეგობრებს“ ლაურეატის დიპლომი (რუსეთი); 2011 წ. პაგანინის ვარიაციები „როსინის თემაზე ერთი სიმისთვის“, სომხეთის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, საერთაშორისო ფესტივალი „ნორჩი მუსიკოსები“ (სომხეთი); 2011 წ. ე. ლალოს კონცერტი, იური ბაშმეტის სიმფონიური ორკესტრი „НОВАЯ РОССИЯ“ დირიჟორი ფრედი კადენა (ესპანეთი);

2011 წ. საერთაშორისო ფესტივალი „MUSICA MUNDI“-ის ლაურეატის დიპლომი (ბელგია); 2011 წ. ჰაიდნის კონცერტი C-dur ორკესტრი „НОВАЯ РОССИЯ“ გაბალას საერთაშორისო ფესტივალი (აზერბაიჯანი);


ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსის (EYM) ორგანიზატორია ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU). კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა ტალანტების გამოვლენასა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ეს კონკურსი პირველად 1982 წელს ჩატარდა.

წელს რიგით მე-16 ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსს ავსტრია, ქ.ვენა მასპინძლობს. მასპინძელი მაუწყებელია - ORF (Austrian Public Broadcaster).

კონკურსში 20 წლამდე შემსრულებლები დაიშვებიან.

ნახევარფინალები 5 და 6 მაისს გაიმართება, ფინალი კი 11 მაისს ღია ცის ქვეშ ვენის რატუშის მოედანზე ჩატარდება.

ნახევარფინალების შედეგად, ჟიური 7 საუკეთესო შემსრულებელს შეარჩევს. კონკურსანტებს აკომპანიმენტს ვენის რადიოს სიმფონიური ორკესტრი (Vienna Radio Symphony Orchestra) გაუწევს, რომელსაც გერმანელი მაესტრო კორნელიუს მეისტერი (Cornelius Meister) უდირიჟორებს.

1858

უახლესი