საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიის ქართველმა კონკურსანტმა პირველი რეპეტიცია გაიარა

გამოქვეყნებულია 2012-05-17 02:14:00


2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველმა მონაწილემ ანრი ჯოხაძემ ბაქოს ,,კრისტალ ჰოლის“ სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა. 

ანრი სცენაზე ბექ ვოკალისტების ვერიკო ტურაშვილის, ნინო ძოწენიძის, ნინი შერმადინის და მაგდა ჯოხაძის თანხლებით გამოვიდა. სასცენო გამოსვლაში პროფესიონალი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა მონაწილეობდა. სცენოგრაფიაზე ცნობილი ქართველი რეჟისორი ლაშა ონიანი მუშაობდა. 

,,ევროვიზიის ქართველმა კონკურსანტმა არა მხოლოდ იმღერა, არამედ გიგანტურ დოლზე და ფორტეპიანოზეც დაუკრა და მეგაფონიც კი გამოიყენა ... სასცენო გამოსვლა ენერგიული, მოძრაობები დინამიური და სწრაფი იყო, სიმღერა ძლიერი ... ანრი ჯოხაძემ შესანიშნავი ვოკალური შესაძლებლობები წარმოაჩინა ... სცენაზე წითელი ფერი ჭარბობდა, გამოყენებული იყო ცეცხლისა და კვამლის ეფექტებიც ... ," - ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე eurovision.tv ქართველი კონკურსანტის რეპეტიციის შემდეგ პირველი შეფასებები განთავსდა. 

,, ქართველ ხალხს ყოველთვის აქვს მოლოდინი, რომ ევროვიზიის გამარჯვებული მალე გახდება. წელს აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროვიზია კავკასიაში ტარდება,“ - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მაია ბიჭიკაშვილმა. 

ანრი ჯოხაძე 2012 წლის ევროფესტივალზე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-12 ნომრად იმღერებს. 

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. კონკურსის ლოგოა - ,,ცეცხლოვანი ყვავილი", სლოგანი - ,,დაანთე ცეცხლი". კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს. 

1329

უახლესი