საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2012-05-28 02:09:00


დღეს 28 მაისს მოძრაობა ,,ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა (ბორის) ივანიშვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც მედიაზე და, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის კამპანია განაგრძო.

დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ თუ ,,არ გადავაწყობთ რიტორიკას“ და არ ვიქნებით აბსოლუტურად ლოიალურები ივანიშვილის მიმართ, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მომავალი ეჭვქვეშ დადგება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლობა და მისი სარედაქციო, თუ ფინანსური დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია, რომელიც დაფიქსირებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, ჩვენი დაფინანსება არაა დამოკიდებული პარლამენტის და, მითუმეტეს, მთავრობის ნება-სურვილზე და წარმოადგენს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ს. 

ყველა საერთაშორისო ექსპერტისა და პროფესიონალის ერთსულოვანი აზრით ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულია და უზრუნველყოფს მაუწყებლის სრულ, მათ შორის სარედაქციო, დამოუკიდებლობას. სხვათა, შორის მაუწყებლის, როგორც საქართველოში ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი ტელერადიოკორპორაციის საქმიანობა არაერთხელ დაადასტურა ეუთოს, გაეროს, ევროკავშირის, ,,ბიბისის“ და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. 

ამ ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის თვითნებური შეცვლის, მეტიც, შეწყვეტის მუქარა აღიქმება, როგორც დაუფარავი შანტაჟი და სარედაქციო პოლიტიკის წინასარჩევნოდ შეცვლის უხეში მცდელობა. 

როგორც ჩანს, ივანიშვილს სურს საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად მისი პოლიტიკური მიზნების სამსახურში იხილოს, რაც ეწინააღმდეგება, ზოგადად, მედიის თავისუფლების და ,კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას. 

ბატონო ბიძინა, განმარტებისათვის: 

1. საავტორო გადაცემის წამყვანი ,,დიქტორი“ არ გახლავთ 
2. კომერციული რეკლამა გარდა კანონით გათვალისწინებული ერთეული შემთხვევებისა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2011 წლიდან აიკრძალა. 

მივმართავთ მედიაგარემოს დემოკრატიზაციის მიმართულებით მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ჯეროვნად შეაფასონ ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ მედიაზე ზეწოლის ფაქტები.

1419

უახლესი