საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2016-12-08 19:00:00


სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი გადაცემის - „კაცების დრო“ ეთერში გასულ საანონსო მასალას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ყურადსაღებია, რომ მაშინ როდესაც გაიმართა მსჯელობა გადაცემის კონტექსტის და შინაარსის ხარვეზებზე, დაანონსებული გადაცემა ჯერ კიდევ არ იყო გასული მაუწყებლის ეთერში და შესაბამისად ამგვარი კრიტიკა საფუძველს იყო მოკლებული.

მაუწყებლის ახალი გადაცემის პრომო რგოლის თაობაზე განცხადება გაავრცელა ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის და სარეიტინგო მონაცემების გათვალისწინებით, არხის სამაუწყებლო ბადეში დაანონსებული გადაცემა განთავსებულია დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მაუწყებლის სატელევიზიო აუდიტორიის დიდ ნაწილს სწორედ მამაკაცები შეადგენენ. გამომდინარე აქედან, ამ მიზნობრივი აუდიტორიისთვის მომზადდა გადაცემა, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს გასართობი ჟანრის იუმორისტული ელემენტების შემცველ გადაცემას და არანაირად არ არის მიმართული „გენდერული სტერეოტიპების“ ხელშეწყობისაკენ.

მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს, რაც ასახულია კიდეც იმ ანგარიშებში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პერმამენტულად აწვდის შესაბამის უწყებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზო და რადიო ეთერის თითქმის ყველა გადაცემა (როგორც საინფორმაციო, ასევე სხვა ჟანრის გადაცემები) მუშაობს აღნიშულ საკითხებზე და საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოებაში ქალთა უფლებების მიმართულებით ინფორმირებულობის დონის გაზრდაში.

ცალკე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყურადღებას ამახვილებს ყველა იმ მოთხოვნის და სტანდარტის დაცვის მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია მისი (და ასევე მაუწყებელში დასაქმებული თანამშრომლების) საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმატიულ აქტებში და შიდა, ლოკალურ დოკუმენტებში, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ზემოთ აღნიშნული პრომო რგოლი შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ნიშნებს ან „გენდერულად მჩაგვრელ პრაქტიკას ამკვიდრებს და ხელს უწყობს უარყოფითი გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ქალების პროფესიული შესაძლებლობების და მათი განვითარების შესახებ“, როგორც ეს აღინიშნა სახალხო დამცველის განცხადებაში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და უკურეაქცია.


1404

უახლესი