საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი

გამოქვეყნებულია 2017-01-28 20:15:00


„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენს რა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ის, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი საქმიანობა - ტელერადიომაუწყებლობა, უმთავრესად შემოქმედებითი პროცესია და მაუწყებლის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ ამ პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

ტელე-, რადიოპროდუქციის - გადაცემების, ფილმების და ა.შ. დამზადება რთული შემოქმედებითი პროცესია, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ხორციელდება „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმალიზებული შესყიდვების პროცედურით, რომელშიც გადამწყვეტი ფაქტორი - ფასია და არა ხარისხი, რაც ხშირად აფერხებს გარე წარმოებაში კონტენტის დამზადების გატანის პროცესს.

ამით არის განპირობებული „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში იმ ცვლილების განხორციელების საჭიროება, რომელიც უკავშირდება „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას და გარკვეული გამონაკლისების დაშვებას.

გარდა ამისა, 2015 წლის დასაწყისში ''მაუწყებლობის შესახებ'' კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომლებიც შეეხო კომერციულ რეკლამას და სპონსორობას, საზოგადოებრივ მაუწყებელს მკვეთრად შეეზღუდა სპონსორობის განთავსების უფლება, რაც შეუძლებელს ხდის გასართობი გადაცემების, მათ შორის, მეგა-შოუს და მაღალი ხარისხის ქართული წარმოების სერიალების დამზადებისთვის დამატებითი სასპონსორო რესურსების მოზიდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა შესაძლო საკანონმდებლო ცვლილების პროექტი კომერციული რეკლამა/სპონსორობის ნაწილში.

2013 წლის 12 ივლისს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კანონში შევიდა ახალი 661 მუხლი - მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა. კანონის აღნიშნული დებულებით სრულად აიკრძალა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება“ შესაბამისად ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და რომლის დაფუძნებაში მონაწილეობს სახელმწიფო, ავტომატურად უარყოფილია, როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ ან სპორტულ დარგებში ერთობლივი პროექტების მხარე/მონაწილე.

ერთ-ერთი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს ამგვარი თანამშრომლობის დაშვებას, რაც არაერთი საინტერესო ერთობლივი პროექტის მაუწყებლის ეთერში გამოჩენის პერსპექტივას ხსნის.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მომზადებული ცვლილებების პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა უფრო მოქნილი გახადოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარი რესურსების განკარგვისას და ასევე უფრო მეტად ხარისხიანი და საინტერესო გახადოს მისი პროდუქცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესია, კანონში ნებისმიერი ცვლილება განხორციელდეს საზოგადოების მაღალი ჩართულობის შედეგად.

იხ. თანდართული პროექტი

1123

უახლესი