საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

გრიგოლ გოგელია: სამეურვეო საბჭო უახლოეს დღეებში საჯარო სხდომას მოიწვევს

გამოქვეყნებულია 2017-02-06 14:45:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას განცხადებით, უახლოეს დღეებში საბჭო მოიწვევს საჯარო სხდომას, სადაც განხილული იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დღეს გაცხადებული ტელევიზიის განვითარების ხედვა.

როგორც გოგელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ სხდომაზე სამეურვეო საბჭო მოისმენს დამატებით ინფორმაციას და განმარტებებს გენერალური დირექტორისგან და აღმასრულებელი საბჭოსგან.

სხდომის შემდეგ კი, გოგელიას თქმით, სამეურვეო საბჭო  შემდგომი კონსულტაციებისა და შეხვედრების ფორმატს დაგეგმავს.

„დღეს სამეურვეო საბჭოს სახელზე გენერალური დირექტორისგან შემოვიდა სამსახურეობრივი ბარათი, რომელშიც წარმოდგენილია ორი საკითხი.

პირველი - საზოგადოებრივი  მაუწყებლის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი;  მეორე - საზოგადოებრივი  მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

სამეურვეო საბჭო, გამომდინარე საკითხის კომპლექსურობისა და სირთულისგან, იწყებს შემოსული წინადადების შესწავლას და განხილვას, ამისთვის საბჭო გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს:

უახლოეს დღეებში მოიწვევს საჯარო სხდომას, სადაც მოისმენს დამატებით ინფორმაციას და განმარტებებს გენერალური დირექტორისგან და აღმასრულებელი საბჭოსგან.

ამ სხდომის შემდეგ, სამეურვეო საბჭო დაგეგმავს შემდგომი კონსულტაციების და შეხვედრების ფორმატს.

დაგეგმავს და უახლოეს დღეებში დაიწყებს საჯარო შეხვედრებს მაუწყებლის თანამშრომლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამეურვეო საბჭოს კარი ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ეს, რა თქმა უნდა, არ არის ორი-სამი დღის, ერთი ან ორი კვირის საკითხი, ეს არის უმნიშვნელოვანესი, ურთულესი თემა, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა პრობლემებთან და საკითხებთან. ეს მოხდება ღიად, გამჭვირვალედ“,- განაცხადა გოგელიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმის მიზანია საზოგადოებრივ მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანა და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნა.

1057

უახლესი