საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ვასილ მაღლაფერიძე: თუ მიღებული იქნება, რომ მაუწყებელს რეიტინგი არ მოეთხოვება, ეს სხვა ამოცანებს დააყენებს

გამოქვეყნებულია 2017-02-09 16:03:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის გენერალურ დირექტორს შეხვდა. 

ბორდის წევრების განცხადებით, გარდაქმნისა და განვითარების გეგმასთან დაკავშირებით მათ გარკვეული კითხვები აქვთ და დეტალური განმარტებების მოსმენა თავად დოკუმენტის ავტორებისგან სურდათ. ვასილ მაღლაფერიძემ შეხვედრა უკვე დატოვა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის განცხადებით, სამეურვეო საბჭოსთან დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამეურვეო საბჭო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასების კრიტერიუმი.

მაღლაფერიძის თქმით, ის გეგმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ახალმა მენეჯმენტმა წარადგინა, გათვლილი იყო იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გამხდარიყო ლიდერი ტელეკომპანია და რეიტინგებშიც უნდა ყოფილიყო მოწინავე პოზიციებზე.

თუმცა, მისი თქმით, ბოლო პერიოდში გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ რეიტინგი, შესაძლოა, არ იყოს მთავარი ფუნქნცია საზოგადოებრივი მაუწყებლის.

აქედან გამომდინარე, ახალი კრიტერიუმების შეფასების შემდეგ, მაღლაფერიძის თქმით, უკვე ამ კრიტერიუმებს მოერგება ის გეგმა, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი განვითარებას გააგრძელებს.

„თუ მიღებული იქნება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს რეიტინგი არ მოეთხოვება, ეს სხვა ამოცანებს დააყენებს. ჩვენ გამოვდიოდით ევროპული გამოცდილებიდან, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს,  გადასახადის გადამხდელს აინტერესებს, რომ მისი ტელევიზია იყოს ყურებადი.

თუ შეფასდება, რომ ჩვენ თავისებურ მდგომარეობაში ვართ და საზოგადოებრივ მაუწყებელს არ მოეთხოვება მაღალი ყურებადობა, არ მოეთხოვება რეიტინგი, ისე როგორც მოეთხოვება „ბი-ბი-სი“-ს, მაშინ შესაბამისი მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს, მაგრამ არ შეიძლება, რომ თანამშრომლებს განუწყვეტლივ, ერთის მხრივ სხვა პირობები შეგექმნათ და შემდეგ გითხრან, რომ აუთსაიდერი ხართ იმიტომ რომ, არ ხართ სხვა ტელევიზიების დონეზე, ამაზეა საუბარი.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ, კარგი გათვლებით უნდა მივიდეთ ამ შედეგამდე“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.


რატი ხვისტანი განავრცობს თემას

904

უახლესი