საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო მასალის გავრცელებისთვის რადიო „თავისუფლება“ პირველ არხს ბოდიშს უხდის

გამოქვეყნებულია 2017-11-01 12:57:00


მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანულმა სამსახურმა, შემდეგ კი, რამდენიმე აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებამ, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 26 ოქტომბერს გარდაბანში მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობას, კერძოდ სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

ინფორმაციის წყაროდ რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანულ სამსახურს მითითებული ჰქონდა პირველი არხი, კერძოდ „მოამბის“ სიუჟეტი, სადაც 2014 წლის მაისში მომხდარ ფაქტზეა საუბარი.

პირველი არხის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა რადიო “თავისუფლების“ აზერბაიჯანულ სამსახურს, აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებს და განუმარტა, რომ პირველ არხს 2017 წლის 26 ოქტომბერს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია და "მოამბის" სიუჟეტი, რომელიც ინფორმაციის წყაროდ არის მითითებული, 2014 წლის მაისშია მომზადებული.

მიმართვის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მედია საშუალებებმა, მათ შორის რადიო “თავისუფლებამ", ინფორმაცია საიტებიდან მოხსნეს და შესაბამისი განმარტებებიც გააკეთეს.

ამასთან, ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც ასევე გაავრცელა რადიო „თავისუფლების“ მასალა, ინფორმაციის საიტიდან აღების შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ გარდაბნის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს დაემთხვა.  

რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის ვებგვერდზე განთავსდა შესაბამისი განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რადიო „თავისუფლება“ აღიარებს შეცდომას, არასწორი ინტერპრეტაციისთვის მომხმარებლებსა და პარტნიორებს ბოდიშს უხდის და გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რათა მსგავსი შეცდომა მომავალში არ განმეორდეს.

„30 ოქტომბერს რადიო „თავისუფლების“ საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში საქართველოში, გარდაბანში აზერბაიჯანელებსა და სვანებს შორის დაპირისპირების შესახებ ვიდეორეპორტაჟი გავიდა. აღნიშნული ვიდეო აზერბაიჯანში უამრავი ვებგვერდის მხრიდან, წყაროს მითითების გარეშე, იმწამსვე გავრცელდა და დამატებითი აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. აღნიშნული რეპორტაჟი რადიო „თავისუფლების“ პროფესიულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და ყველა რესურსიდან წაიშალა. გავრცელებულ ვიდეორეპორტაჟს ერთვოდა რამდენიმე წლის წინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იმ პერიოდში მომზადებული მასალა, მაგრამ არ იყო აღნიშნული, რომ ეს მასალა იყო საარქივო. აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით, საქართველოში სახალხო მოძრაობის, „გეირათის“ ხელმძღვანელ ალიბალა ასკეროვთან ჩაწერილ ინტერვიუსა და გამოყენებულ ვიდეოს შორის უზუსტობა ვიდეორეპორტაჟის არასწორად აღქმის მიზეზი გახდა. რადიო „თავისუფლება“ აღიარებს შეცდომას და არასწორი ინტერპრეტაციისთვის მომხმარებლებსა და პარტნიორებს ბოდიშს უხდის. გადაიდგმება საჭირო ნაბიჯები, რათა მსგავსი შეცდომა მომავალში არ განმეორდეს“, - ნათქვამია რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ განმარტებაში.

ამასთან, რადიო “თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის რედაქტორმა, ნატიკ ზეინალოვმა  პირველ არხს გამოუგზავნა წერილიც, სადაც „შექმნილი უხერხულობისთვის“ ბოდიშს იხდის.

„თქვენი შენიშვნის საფუძველზე ჩატარდა ხელახალი გადამოწმება. მართლაც, გარდაბანთან დაკავშირებული ვიდეორეპორტაჟი რადიო „თავისუფლების“ პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო აღმოაჩნდა. ამიტომაც აღნიშნული რეპორტაჟი დაუყოვნებლივ წაიშალა რადიოს კუთვნილი ყველა  პლატფორმიდან, შესაბამისი შესწორება და ბოდიში გამოქვეყნდა რადიოს ოფიციალურ საიტზე, რადიოს ყველა სოციალური ქსელში. შექმნილი უხერხულობისთვის,  შეწუხებისთვის კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით. პატივისცემით, ნატიკ ზეინალოვი“, - ნათქვამია ნატიკ ზეინალოვის წერილში.

348

უახლესი